OpenAI

2 ივნისი, 2026

OpenAI Academy

ChatGPT საიტები

შექმენით ასეთი მარტივი ვებსაიტი ან აპლიკაცია Codex-ით.

ChatGPT‑ის საიტები საშუალებას გაძლევთ, Codex-იდან შექმნათ და გააზიაროთ მოქმედი ვებსაიტი ან მარტივი აპლიკაცია.

აღწერთ, რა გჭირდებათ, Codex-თან ერთად ქმნით მას და შემდეგ განათავსებთ საიტს, რომლის გახსნასა და გამოყენებასაც თქვენი სამუშაო სივრცის წევრები შეძლებენ.

საიტი გამოგადგებათ, როცა სამუშაო მასალისთვის ერთიანი სივრცე გჭირდებათ: იქნება ეს პროდუქტის გამოშვების ტრეკერი, ყოველკვირეული განხილვის საინფორმაციო პანელი, ვარიანტების შესაფასებელი კალკულატორი თუ ახალ პროექტში ჩართვის გზამკვლევი გვერდი.

რა არის შიდა საიტი ან აპლიკაცია?

შიდა საიტი არის ვებგვერდი, რომელიც თქვენი ორგანიზაციის ან სამუშაო სივრცის წევრებისთვის იქმნება. ის გუნდს აძლევს ერთიან სივრცეს, რომელსაც კონკრეტული საქმისთვის დაუბრუნდება.

მაგალითად, შიდა საიტს შეუძლია გააერთიანოს პროდუქტის გამოშვების ძირითადი ეტაპები, პასუხისმგებელი პირები, ბმულები და რისკები. რამდენიმე დოკუმენტში ძებნის ნაცვლად, გუნდის წევრებს შეუძლიათ გახსნან ერთი გვერდი და გაეცნონ უახლეს ინფორმაციას.

მარტივი აპლიკაციაც მსგავსია, თუმცა ის მომხმარებლებს ინფორმაციასთან ინტერაქტიულად მუშაობის საშუალებასაც აძლევს. კალკულატორმა შეიძლება რამდენიმე მონაცემის შეყვანა მოგთხოვოთ და შედეგი გაჩვენოთ. საინფორმაციო პანელმა შეიძლება ინფორმაცია ერთიან ფორმატში წარმოადგინოს და მისი განხილვა გააადვილოს.

ამ ინსტრუმენტების ფუნქციური მოცულობა, ჩვეულებრივ, სრულფასოვან პროგრამულ პროდუქტზე მცირეა. ისინი ხშირად ერთი გუნდისთვის, ერთი პროექტისთვის ან ერთი განმეორებადი სამუშაო პროცესისთვის იქმნება.

ფორმატი

რაში გამოგადგებათ

მაგალითი

დოკუმენტი

ინფორმაციის წაკითხვასა თუ გაზიარებაში

პროდუქტის გამოშვების წერილობითი გეგმა

შიდა საიტი

ჯგუფისთვის საერთო გვერდის შექმნაში, რომელსაც საჭიროებისამებრ დაუბრუნდებიან

პროდუქტის გამოშვების ტრეკერი ძირითადი ეტაპებითა და ბმულებით

მარტივი აპლიკაცია

ინფორმაციასთან მუშაობის გამარტივებაში

კალკულატორი პროექტის ვარიანტების შესადარებლად

უფრო მასშტაბური პროგრამული პროექტი

პროდუქტის უფრო რთული ან გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებაში

ინდივიდუალურად შექმნილი სისტემა, რომელსაც რთული ინფრასტრუქტურა სჭირდება

რას აკეთებს ChatGPT‑ის საიტები

Codex-ის დესკტოპაპლიკაციაში შეგიძლიათ სთხოვოთ Codex-ს რეალური სამუშაო ამოცანისთვის საიტის ან მარტივი აპლიკაციის შექმნა.

Codex გეხმარებათ საიტის შექმნასა და იმავე სამუშაო სივრციდან განთავსებაში, სადაც ის ააწყვეთ. შეგიძლიათ შეამოწმოთ შედეგი, უთხრათ Codex-ს, რა შეცვალოს, და განათავსოთ განახლებული ვერსია, როცა ის სხვებისთვის გამოსაყენებლად მზად იქნება.

ChatGPT‑ის საიტები მოიცავს ჰოსტინგს, წვდომის მართვას, საცავსა და მონაცემთა ბაზების მხარდაჭერას.

დაიწყეთ მცირე, კონკრეტული ამოცანით

კარგი პირველი საიტი ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფისთვის ერთ მკაფიო პრობლემას აგვარებს.

თუ თქვენს გუნდს სჭირდება…

შეგიძლიათ შექმნათ…

დაამატეთ…

პროდუქტის გამოშვების პროცესის მონიტორინგი

პროდუქტის გამოშვების ტრეკერი

ძირითადი ეტაპები, პასუხისმგებელი პირები, ბმულები და რისკები

ინფორმაციის ყოველკვირეული განხილვა

საინფორმაციო პანელი

განხილვის შეხვედრაზე გამოსაყენებელი ინფორმაცია

ვარიანტების შედარება

კალკულატორი

საწყისი მონაცემები, დაშვებები და მკაფიო შედეგი

ახალი წევრების დახმარება პროექტში ჩართვაში

გზამკვლევი გვერდი ახალი წევრებისთვის

ზოგადი ინფორმაცია, რესურსები და შემდეგი ნაბიჯები

პროექტის ორგანიზება

შიდა გვერდი

ძირითადი ბმულები, სიახლეები და საცნობარო მასალა

სასარგებლო საიტი შეიძლება მცირეც იყოს. მიზანია შექმნათ რამე, რისი გახსნა და კონკრეტული ამოცანისთვის გამოყენებაც ადამიანებს შეეძლებათ.

როგორ შევქმნათ საიტი Codex-ში

1. აღწერეთ, რა გჭირდებათ

ჯერ უთხარით Codex-ს, რისი შექმნა გსურთ და ვინ გამოიყენებს მას.

მაგალითად:

Build a launch tracker for our cross-functional team. Include milestones, owners, links, risks, and a weekly update section. Keep the page easy to scan during our weekly review.

2. შეამოწმეთ პირველი ვერსია

გახსენით საიტი და შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ის თქვენ მიერ ჩაფიქრებულ სამუშაო პროცესს.

გადახედეთ შიგთავსს, სტრუქტურას, წარწერებსა და ყველა გამოთვლასა თუ ინტერაქტიულ ელემენტს. გამოსცადეთ ძირითადი ფუნქციები ისე, თითქოს გუნდის წევრი ხართ და საიტს პირველად ხსნით.

3. სთხოვეთ Codex-ს ცვლილებების შეტანა

შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი და აღწეროთ, რისი შეცვლა გსურთ.

მაგალითად:

Move the risks section higher on the page. Add a filter for milestone owner. Make the weekly updates easier to scan.

4. განათავსეთ საიტი

როცა საიტი მზად იქნება, სთხოვეთ Codex-ს მისი განთავსება.

Codex მოგაწვდით განთავსებული ვერსიის URL-ს. თუ საიტი ავტომატურად არ განთავსდება, სთხოვეთ:

განათავსე ეს საიტი და მომეცი მისი URL.

გახსენით განთავსებული საიტის ბმული Chrome-ში და გაზიარებამდე კიდევ ერთხელ შეამოწმეთ საიტი. აპლიკაციაში ჩაშენებული ბრაუზერი ამჟამად მხარდაჭერილი არ არის.

5. გაუზიარეთ შესაბამის ადამიანებს

როცა საიტზე წვდომის სხვებისთვის მინიჭებას გადაწყვეტთ, დააწკაპუნეთ ღილაკზე „გაზიარება“ Codex-ის პასუხის ბოლოს.

თქვენი სამუშაო სივრცის პარამეტრების მიხედვით, საიტი შეგიძლიათ გაუზიაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან ჯგუფებს. მოგვიანებით შეგიძლიათ Codex-ის გვერდითი პანელიდან კვლავ გახსნათ საიტების გვერდი, გადახედოთ საიტის პარამეტრებს და მართოთ წვდომა.

Enterprise სამუშაო სივრცეებში ChatGPT‑ის საიტების ხელმისაწვდომობას ადმინისტრატორები აკონტროლებენ.

შეამოწმეთ გაზიარებამდე

საიტი შეიძლება შეიცავდეს გეგმებს, ანალიზს, პროექტის შესახებ ინფორმაციას ან მომხმარებლის მიერ შეყვანილ მონაცემებს. გაზიარებამდე შეამოწმეთ როგორც შიგთავსი, ისე ის, თუ ვის ექნება მასზე წვდომა.

ავტომატიზაციის დახმარებით საიტზე ინფორმაცია ყოველთვის განახლებული გქონდეთ

საიტები ამჟამად ვერ უკავშირდება უშუალოდ რეალურ დროში განახლებად მონაცემებს. თუ თქვენს საიტზე ინფორმაცია რეგულარულად იცვლება, შეგიძლიათ შექმნათ ცალკე ავტომატიზაცია, რომელიც გრაფიკის მიხედვით შეაგროვებს უახლეს ინფორმაციას და თქვენი საიტისთვის განახლებულ ვერსიას მოამზადებს. მაგალითად, ავტომატიზაციას შეუძლია ყოველ სამუშაო დილას შეამოწმოს პროექტის მიმდინარეობის აღრიცხვის დამტკიცებული რესურსი, შეაჯამოს ცვლილებები და ერთიან ფორმატში მოაქციოს უახლესი ინფორმაცია ძირითადი ეტაპების, პასუხისმგებელი პირებისა და რისკების შესახებ. შემდეგ შეგიძლიათ გადახედოთ ცვლილებებს და საჭიროებისამებრ განაახლოთ საიტი.

ChatGPT‑ის საიტები განკუთვნილია კონკრეტულ ამოცანებზე მორგებული ვებსაიტებისა და მარტივი აპლიკაციებისთვის. ზოგიერთ პროექტს შეიძლება მაინც დასჭირდეს სხვა ინსტრუმენტი ან უფრო დიდი მოცულობის საინჟინრო სამუშაო.

სცადეთ

დაიწყეთ საიტით, რომელიც თქვენს გუნდს უკვე ნაცნობ, რეალურ პროექტში დაეხმარება.

შექმენი საიტი, რომელიც ამ პროექტის ახალ წევრებს საქმეში ჩართვაში დაეხმარება. დაამატე მოკლე მიმოხილვა, ძირითადი დოკუმენტები, გუნდის წევრების ცნობარი, ხშირი კითხვები და პირველი კვირის დავალებების სია. შექმნამდე შემომთავაზე გვერდის მარტივი სტრუქტურა და დამისვი ყველა საჭირო კითხვა.

ან სცადეთ კალკულატორის შექმნა:

შექმენი მარტივი აპლიკაცია, რომელიც ჩვენს გუნდს პროექტის სხვადასხვა ვარიანტის შედარებაში დაეხმარება. ჯერ მკითხე საწყისი მონაცემები, დაშვებები და ქულების მინიჭების წესები. შემდეგ შექმენი შედეგების გვერდი, სადაც გამოჩნდება, როგორ გამოითვალა ქულა.

ხშირი კითხვები

საჭიროა პროგრამირების ცოდნა?

დასაწყისისთვის შეგიძლიათ საიტი ჩვეულებრივი ენით აღწეროთ. Codex-ს შეუძლია შექმნას პირველი ვერსია და თქვენი უკუკავშირის საფუძველზე შეიტანოს ცვლილებები.

არის საიტი სრულფასოვანი პროგრამული პროდუქტის ტოლფასი?

საიტი გამოგადგებათ კონკრეტულ ამოცანაზე მორგებული შიდა ინსტრუმენტის, გვერდის, საინფორმაციო პანელის ან კალკულატორის შესაქმნელად. უფრო რთულ პროდუქტს შეიძლება მაინც დასჭირდეს ცალკე საინჟინრო პროექტი.

შემიძლია საიტის განახლება განთავსების შემდეგ?

სთხოვეთ Codex-ს ცვლილების შეტანა, შეამოწმეთ ახალი ვერსია და განათავსეთ, როცა მზად იქნება.

შეუძლია საიტს ჩემი ორგანიზაციის მონაცემებთან დაკავშირება?

საიტები ამჟამად ვერ უკავშირდება უშუალოდ რეალურ დროში განახლებად მონაცემთა წყაროებს. თუ ინფორმაცია რეგულარულად იცვლება, გამოიყენეთ ცალკე ავტომატიზაცია განახლებების გრაფიკის მიხედვით შესაგროვებლად. შემდეგ გადახედეთ ცვლილებებს და საჭიროებისამებრ განაახლეთ საიტი.

რა უნდა შეამოწმონ ადმინისტრატორებმა?

ადმინისტრატორებმა უნდა გადაამოწმონ, ჩართულია თუ არა ChatGPT‑ის საიტები, ვის შეუძლია საიტების შექმნა და გაზიარება, რომელი საიტები არსებობს სამუშაო სივრცეში, ვის აქვს მათზე წვდომა და როდის უნდა წაიშალოს საიტი.

გააგრძელეთ სწავლა OpenAI Academy-თან ერთად

აღმოაჩინეთ დამატებითი გზამკვლევები და რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ პრაქტიკული AI უნარების ჩამოყალიბებაში.