OpenAI

10 სექტემბერი, 2026

გლობალური საკითხები

AI-ზე წვდომისა და კიბერთავდაცვის გაფართოება ყველა დონის მთავრობისთვის

უპრეცედენტო შეთანხმება ფედერალურ, შტატების, ადგილობრივ და ტომობრივ მმართველობებს უფასო წვდომასა და გამოყენებაზე 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს, საჯარო სექტორის კიბერდამცველებს კი — გაფართოებულ წვდომასა და მხარდაჭერას.

ამერიკის საჯარო მოხელეებს, მათ შორის კიბერთავდაცვის წინა ხაზზე მყოფებს, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საუკეთესო ხელმისაწვდომ AI ინსტრუმენტებზე. დღეს OpenAI მთავრობებისთვის და აშშ-ის ზოგადი მომსახურების ადმინისტრაცია (GSA) აცხადებენ ახალ მრავალწლიან შეთანხმებას, რომელიც გასული წლის ფედერალურ შეთავაზებას ეფუძნება. ეს უპრეცედენტო შეთანხმება ლიცენზიაზე $0-იან წვდომას — ჩვეულებრივ, თვეში $15 თითო მომხმარებელზე — და გამოყენების ხარჯებზე 50%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს, ასევე საჯარო სექტორის კიბერდამცველთა გაფართოებულ მხარდაჭერას. OpenAI იმავე შეთავაზებას შტატების, ადგილობრივ და ტომობრივ მმართველობებზეც ავრცელებს.

AI-ის სარგებლის ყველასთვის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი გზა მთავრობის მუშაობის გაუმჯობესებაა — მომსახურების დაჩქარება, გამარტივება, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა. საჯარო მოხელეები უნდა მონაწილეობდნენ იმის განსაზღვრაში, თუ როგორ გამოიყენება AI მთავრობაში. ამისთვის პირველ რიგში მათ უნდა მივცეთ წვდომა საუკეთესო ინსტრუმენტებზე, მათ შორის GPT‑6 Astra-ზე, მტკიცე დამცავი ზომებით, პროგნოზირებადი ხარჯებითა და მათი საჯარო მისიის პატივისცემით. ჩვენი მოქმედი შეთანხმებებით ChatGPT‑ზე წვდომა უკვე მილიონზე მეტ სახელმწიფო თანამშრომელს აქვს, გაფართოებული პარტნიორობა კი უფლებამოსილებას აშშ-ის საჯარო სექტორის დაახლოებით 23-მილიონიან სამუშაო ძალაზე ავრცელებს.

გასული წლის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა აჩვენეს, რა შესაძლებლობებს ქმნის OpenAI-ის ინსტრუმენტებზე ფართო წვდომა:

  • Daybreak Access მთავრობის კიბერდამცველებს მოწყვლადობების კვლევის, მავნე პროგრამების ანალიზისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტების შემუშავების სისწრაფისა და ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

  • CDC-მ დააჩქარა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლიტერატურის მიმოხილვა, რომელსაც ადრე დღეები ან თვეები სჭირდებოდა: საწყისი ანგარიშების უმეტესობა 30 წუთზე ნაკლებ დროში მომზადდა, მონაწილე ექსპერტების 92%-მა კი პროდუქტიულობის ზრდა აღნიშნა

  • ჯორჯიის შემოსავლების დეპარტამენტმა საგადასახადო ფორმის გაციფრულებისთვის საჭირო დრო მაქსიმუმ ორი კვირიდან 15 წუთამდე შეამცირა

  • ჩრდილოეთ კაროლინაში შტატის ხაზინადარის დეპარტამენტმა ChatGPT გამოიყენა მილიონობით დოლარის ღირებულების შესაძლო მოუკითხავი ქონების გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მოსახლეობას დაუბრუნდეს

  • ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ ChatGPT‑ის დახმარებით დააჩქარა შერწყმის კვლევის წინასწარი მოდელის შემუშავება და სამუშაო, რომელსაც შესაძლოა თვეები დასჭირვებოდა, რამდენიმე საათში შეასრულა

ამ განცხადებასთან ერთად ვაფართოებთ მხარდაჭერას მთავრობის კიბერდამცველებისთვის, რომლებიც საგანგებო რეაგირების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კომუნალური მომსახურებისა და სხვა კრიტიკულ სისტემებს იცავენ. OpenAI-ის პრეზიდენტ გრეგ ბროკმანის ბოლო ესე „დამცველის შესაძლებლობის ფანჯარა“ და ინდუსტრიის ღია წერილი ერთნაირად მოუწოდებს ინდუსტრიასა და მთავრობას გადაუდებელი, ერთობლივი მოქმედებისკენ. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ყველა ვერიფიცირებულ სახელმწიფო უწყებას დაუმტკიცდება კიბერდამცველებისთვის განკუთვნილ Daybreak Blue-ზე გაფართოებული წვდომა, სტანდარტულ კომერციულ ფასთან შედარებით 50%-იანი ფასდაკლებით, ასევე დანერგვისთვის საჭირო მასშტაბური სწავლებითა და მხარდაჭერით. ამ დამცველებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ Daybreak Red-ზე წვდომა მოწყვლადობების გაფართოებული კვლევის, ექსპლოიტების ვალიდაციისა და შეტევითი ტესტირებისთვის (red teaming), სტანდარტული კომერციული ფასით.

ეს განცხადება ეფუძნება ინიციატივას Daybreak for Frontline Defenders, რომელიც OpenAI-მ გასულ კვირას წარადგინა და რომლის ფარგლებშიც წინა ხაზის კიბერდამცველებისთვის სუბსიდირებულ წვდომაზე, სწავლებაზე, ტექნიკურ მხარდაჭერასა და პარტნიორობებზე გლობალურად $1 მილიარდი გამოიყო.

დღევანდელი განცხადების ფარგლებში OpenAI უზრუნველყოფს:

  • უფრო ფართო წვდომას: პირველად, ამ შეთანხმების უპირატესობებით ფედერალურ მთავრობასთან ერთად შტატების, ადგილობრივი და ტომობრივი მმართველობებიც ისარგებლებენ

  • უფრო ხელმისაწვდომ გამოყენებას: სტანდარტული ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადი — $15 თითო მომხმარებელზე — $0-მდე მცირდება, მინიმალური ვალდებულების გარეშე, ხოლო შესაბამისი ფედერალური, შტატის, ადგილობრივი და ტომობრივი ორგანიზაციები გამოყენების ხარჯებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

  • Daybreak Blue-ზე წვდომასა და სწავლებას: ყველა ვერიფიცირებულ სახელმწიფო უწყებას Daybreak Blue-ზე წვდომა სტანდარტულ კომერციულ ფასთან შედარებით 50%-იანი ფასდაკლებით დაუმტკიცდება. მასშტაბური სწავლება და დანერგვის მხარდაჭერა მთავრობის ლიდერებსა და კიბერდამცველებს მოდელის ეფექტიანად გამოყენებასა და მოწყვლადობების პირველებად აღმოჩენაში დაეხმარება.

  • გრძელვადიან წვდომას: შეთანხმება 27 თვეს მოიცავს — 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2028 წლის 31 დეკემბრამდე — და უწყებებს AI-ის დანერგვისთვის სტაბილურ საფუძველს აძლევს

  • დანერგვის პრაქტიკულ მხარდაჭერას: OpenAI უზრუნველყოფს მყიდველთა კონსულტირებას, გამოყენების შეფასებებს, ხარჯების კონტროლს, საწყის მხარდაჭერას, FinOps-ის რეკომენდაციებს, ვებინარებსა და გაფართოებულ სამთავრობო აკადემიას, რათა ყველა საჯარო მოხელემ AI თავდაჯერებით გამოიყენოს

  • უსაფრთხო და პასუხისმგებლიან დანერგვას: ChatGPT Enterprise არ იყენებს ბიზნესმონაცემებს, მათ შორის შეყვანილ ან მიღებულ მონაცემებს, OpenAI-ის მოდელების გასაწვრთნელად ან გასაუმჯობესებლად. მონაწილე ორგანიზაციები შეინარჩუნებენ მათ მიერ არჩეულ შესაბამის მომსახურებებთან დაკავშირებულ დაცვის მექანიზმებს

AI-მ საჯარო მოხელეებს მეტი დრო უნდა დაუტოვოს იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია: ადამიანების მომსახურებისთვის, ამერიკელი ხალხისთვის აუცილებელი კრიტიკული სისტემების დასაცავად და რთული პრობლემების გადასაჭრელად. ხელისუფლების ყველა დონეზე წვდომის გაფართოებით შეგვიძლია ადამიანური პოტენციალი საზოგადოებრივ შედეგებად ვაქციოთ და უზრუნველვყოთ, რომ AI-ის სარგებელი მთელ ამერიკაში არსებულ თემებამდე მივიდეს.

დაიწყეთ OneGov-ის გამოყენება

გაინტერესებთ OneGov თქვენი უწყებისთვის? დაუკავშირდით მთავრობასთან მუშაობის ჩვენს გუნდს⁠, რათა დააფიქსიროთ ინტერესი და მეტი შეიტყოთ უფლებამოსილების, ფასებისა და შესყიდვის ვარიანტების შესახებ.

შემოგვიერთდით ვებინარზე „OpenAI OneGov 2.0: რა უნდა იცოდნენ მთავრობის ლიდერებმა“, 2026 წლის 14 სექტემბერს, ორშაბათს, დილის 11:15 საათზე აღმოსავლეთის დროით, რათა მიიღოთ შეთანხმებისა და მუშაობის დაწყების პრაქტიკული მიმოხილვა. დარეგისტრირდით ვებინარზე⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში).