უსაფრთხოების მორიგ სპრინტს ვამზადებთ OpenAI-ის დაცვის გასაძლიერებლად
OpenAI-ში უსაფრთხოების მორიგ შიდა სპრინტს ვგეგმავთ. ახალი მკვლევრები და უსაფრთხოების პარტნიორები ჩვენს გუნდებთან ერთად ჩვენი მოდელების მეშვეობით გამოცდიან და გააძლიერებენ ჩვენს სისტემებს. ვთანამშრომლობთ Cathedral-თან, რომლის მკვლევრებიც ჩვენს გუნდებთან ერთად OpenAI-ის მოდელებით გამოცდიან ჩვენს დაცვას. მათი განსხვავებული ცოდნა და მიდგომები სისუსტეების აღმოჩენასა და ჩვენი პლატფორმების დაცვაში დაგვეხმარება.
ასევე ვაუმჯობესებთ ჩვენს უსაფრთხოების ხარვეზების აღმოჩენისთვის დაჯილდოების პროგრამას, მათ შორის, კრიტიკული მიგნებებისთვის ჯილდოს ოთხჯერ და მეტად ვზრდით. გვინდა, მკვლევრებმა ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი ვარაუდები და დაგვეხმარონ როგორც ჩვენი სისტემების, ისე მათი დაცვის მეთოდების გაძლიერებაში.
ეს ჩვენი უწყვეტი მუშაობის ნაწილია: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მუდმივად ვეძებთ და ვასწორებთ სისუსტეებს ჩვენს სისტემებში. ჩვენმა ბოლო სპრინტმა აჩვენა, რა შედეგის მოტანა შეუძლია ამ მიდგომას. პროდუქტებზე მომუშავე ჩვენი ინჟინრების 25% სისტემებში სისუსტეების ძიებასა და გამოსწორებაზე გადავრთეთ. Codex-ის მეშვეობით ინჟინრები იკვლევდნენ მიგნებებს, იზოლირებულ გარემოში იმეორებდნენ მოწყვლადობის გამოვლენის პირობებს და ამზადებდნენ შესწორებებს გადასამოწმებლად.
ამ სამუშაოს ვაგრძელებთ, რადგან მხოლოდ კიბერდაცვის ტრადიციული საშუალებები საკმარისი აღარ არის. ინდუსტრიაში ბოლოდროინდელი ინციდენტები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება წარმოიშვას საფრთხეები და რამდენად მნიშვნელოვანია დაცვის უწყვეტი ციკლების შექმნა, რათა სისუსტეები აღმოვაჩინოთ და გამოვასწოროთ, სანამ მათ თავდამსხმელები მიაგნებენ.
იმისთვის, რომ დამცველთა შესაძლებლობის ფანჯარა ღია დარჩეს, ორგანიზაციებმა სისტემების გასაძლიერებლად მოწინავე კიბერშესაძლებლობები უნდა გამოიყენონ. საკუთარი დაცვის გასაძლიერებლად ჩვენს ყველაზე მძლავრ მოდელებს ვიყენებთ და მათ Daybreak-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომს ვხდით. ექვსი თვის განმავლობაში წვდომის სუბსიდირებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მათთვის, ვინც უშუალოდ იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურას. ასევე ვაზიარებთ ბოლო სპრინტის არქიტექტურასა და მიღებულ გამოცდილებას, ჩვენს გეგმასთან ერთად, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში კიბერდამცველთა გაძლიერებას ემსახურება.
განვაგრძობთ ჩვენი მოდელების განვითარებას, მათი მეშვეობით საკუთარი სისტემების გაძლიერებასა და სანდო დამცველებისთვის წვდომის გაფართოებას. დამცველთა შესაძლებლობის ფანჯრის ღიად შესანარჩუნებლად მთელი ინდუსტრიის ძალისხმევაა საჭირო და ეს მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს.


